Friday, May 4, 2012

ტურიზმი

კახეთს ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მხარე მდიდარი და მრავალფეროვანია როგორც ბუნებრივ-კლიმატური, ასევე კულტურულ-ისტორიული რესურსით.
კახეთის ტერიტორიაზე 8 სახის ლანდშაფტს ვხვდებით: ტყის, ველის, ნახევრადუდაბნოს, კავკასიური საშუალო მთის, ამიეკავკასიის ქვედა და საშუალო მთის ტყის, კავკასიონის მაღალი მთის სუბალპურ და ალპურს. იშვიათი ლანდშაფტები, ბუნების ძეგლები, ფლორა და ფაუნის ენდემური ჯიშები ნაკრძალებსა და აღკვეთილებშია დაცული (თუშეთის, ვაშლოვანის, ლაგოდეხის, ბაწარა-ბაბანეურისა და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალები).
მათ ბაზაზე შექმნილია ნაციონალური პარკები, სადაც ტურისტს ბუნებასთან ურთიერთობის საშუალება ეძლევა. დაცული ტერიტორიები მეცნიერთა ინტერესებსაც წარმოადგენს. აქ განვითარებულია როგორც ეკოტურიზმი, ასევე სამეცნიერო ტურიზმიც. რეგიონი რბილი კლიმატით გამოირჩევა.
კახეთში მრავლადაა ისტორიული ძეგლები, საკულტო თუ რელიგიური ნაგებობები, ისტორიული ქალაქები. დღეს მიმდინარეობს მათი რეკონსტრუქცია-რესტავრაცია. ეკლესია - მონასტრებში აღდგენილია სამონასტრო ცხოვრება. ისტორიული ქალაქების ბაზაზე იქმნება ტურისტული ცენტრები, რომელთა შორისაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქი სიღნაღი. საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის მეშვეობით მიმდინარეობს სიღნაღის ძველი უბნების რეაბილიტაცია: XVII-XIX სს. ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობების ფასადების რესტავრაცია, ნაწილი მათგანის რეკონსტრუქცია, სახურავების წითელი კრამიტით გადახურვა, ქვაფენილებისათვს პირვანდელი სახის დაბრუნება. იგეგმება ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის მუზეუმის მშენებლობა. სიღნაღთან ახლოს მდებარე სოფელ ბოდბეში, ქართველთა გამქრისტიანებლის - წმინდა ნინოს სახელობის მონასტერიეს მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება "გაქრისტიანების მუზეუმი". მთელს ქალაქში თავიდან იქნა გაყვანილი ევროსტანდარტების საერთო ინფრასტრუქტურა.
მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ასევე ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ.წ.აღ-დე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს. საქართველოს ღვინის ქარხნები უმეტესად კახეთშია კონცენტრირებული. აქაურ ქარხნებში ტურისტებს სხავადასხვა სერვისს სთავაზობენ: აცნობენ საწარმო პროცესს, ატარებენ ღვინის დეგუსტაციას, აცნობენ ქართულ ტრადიციებს სპეციალურად მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში.
ღვინის გასინჯვა შესაძლებელია ტრადიციულ ქართულ ოჯახებშიც, სადაც ტურისტს შეუძლია ძველი ან ძველ სტილში აგებულ მარნებში კახური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინის დეგუსტაცია და ასევე ქართული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება, ხშირად ხალხური სიმღერების ფონზე.
ყოველწლიურად იმართება ღვინის ფესტივალი. ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისათვის. ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე მკვეთრად გაიზარდა მსოფლიოს ინტერესი საქართველოსადმი, რამაც განაპირობა ქვეყანაში და მათ შორის კახეთშიც ტურისტთა შემოსვლების გაზრდა: 2004-2006 წწ. ვიზიტორთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა. მოთხოვნილებამ განაპირობა ადგილობრივი ტურისტული წარმოების გაზრდა. მიმდინარეობს სასტუმროებისა და კვების ობიექტების მშენებლობა, ძველის მოდერნიზაცია; დაარსდა ტურისტული კომპანიები, შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების სპორტული, კულტურული და გასართობი დაწესებულებები. ყოველწლიურად კახეთი უფრო და აუფრო საინტერესო ტურისტული რეგიონი ხდება.


No comments:

Post a Comment