Friday, May 4, 2012

კახეთის რეგიონალური განვითარების სტრატეგია 2009-2014

კახეთის ეკონომიკის წამყვან დარგს, მოსახლეობის შემოსავლის მთავარ წყაროს და მხარის მრეწველობის სანედლეულო ბაზას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს.
აქ განირჩევა ორი მთავარი ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონი:
1. შიდა კახეთი - მდ. ალაზნის ველის მევენახეობის, მარცვლეული კულტურების, მებოსტნეობის ზონა მეცხოველეობის მნიშვნელოვანი როლით. (ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა მეხილეობაც).
2. გარე კახეთი - მდ. ივრის ზეგანის მეცხოველეობის, მევენახეობა-მეხილეობის ზონა - მზესუმზირის, მარცვლეული მეურნეობის, მებოსტნეობის მნიშვნელოვანი განვითარებით.
სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია მევენახეობა-მეღვინეობა. კახეთის წილად მოდის საქართველოს ვენახების საერთო ფართობის და ყურძნის მოსავლის თითქმის 50%. აქ ყოველწლიურად იკრიფება 120-150 ათასი ტონა ყურძენი. გავრცელებულია ისეთი უნიკალური ჯიშები, როგორიცაა რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ქისი, საფერავი და სხვა.
განვითარებული დარგია ასევე მარცვლოვანი კულტურების წარმოება, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი საშემოდგომო ხორბალს და ქერს უკავია. ასევე მნიშვნელოვან კულტურას წარმოადგენს სიმინდი. მათი საშუალო წლიური მოსავლიანობა 120-160 ათას ტონას შეადგენს. მზესუმზირის ნათესების დიდი ნაწილი დ/წყაროს რაიონზე მოდის, რასაც მოყვება სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანის და თელავის რაიონები.
კახეთში კარგად არის განვითარებული მეხილეობა. იგი ძირითადად წარმოდგენილია ისეთი კულტურებით, როგორიცაა ატამი, ქლიავი, მარწყვი და სხვა. ადგილობრივი იაფი სანედლეულო ბაზა შესაძლებელს ხდის შეიქმნას ხილის გადამამუშავებელი (საკონსერვო) საწარმოები.
კახეთისათვის ტრადიციულად მნიშვნელოვან დარგად ითვლებოდა და ითვლება მეცხოველეობა, რასაც ხელს უწყობს, როგორც საზაფხულო, ისე საზამთრო საძოვრების დიდი ფართობები. განსაკუთრებულად გამოიყოფა ახმეტის, დ/წყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის რაიონები, სადაც პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება რძის, რძის პროდუქტების და ხორცის წარმოება-გადამუშავება.

No comments:

Post a Comment